განხილვა

ცხოვრებისეული მოგზაურობა: Journey-ს განხილვა

Journey (მოგზაურობა) აღვიძებს ემოციებს, რომლის გადმოცემა სიტყვებით ძალიან რთულია… Journey-საც რთულია უწოდო თამაში კლასიკური გაგებით; მხოლოდ თამაში არაა – გზაა, ორ საათში ჩატეული უსასრულობა, სრული ძენი, ტანტრაა… იმდენად დიდი, იმდენად ძლიერი, ძალიან პატარად გრძნობ თავს ამხელა ემოციის ჩასატევად. არაფერია ამ „თამაშში“ ზედმეტი, არც აკლია არაფერი, თუმცა ამასაც ყველა მოთამაშე თვითონ გადაწყვეტს.
სიუჟეტი მარტივია, მაგრამ მხოლოდ პირველი შეხედვით. ან საერთოდაც არაა მარტივი.. აქაც ყველაფერი ინდივიდუალურადაა, როგორც ცხოვრებაში, ნამდვილ დიდ მოგზაურობაში… ამავე დროს რთული დასაჯერებელია, რომ Journey-ზე უფრო ნამდვილი რამე არსებობს.
Journey-ს სამყაროს აღწერა ძალიან რთულია, ძალიან სიურეალისტურია, მხოლოდ გრძნობების და შეგრძენების დონეზე იხსნება. ეს თამაში ადამიანის ცხოვრების იდეალური ალეგორიაა, ისეთივე მარტივი და ამავედროულად რთულია, როგორც ყველა ინდივიდის ცხოვრება. პატარა უსქესო არსება, რომელიც არ ვიცით ვინ ან რა არის, გრძელ (ან არც ისე) გზას გადის რაღაც საკრალურ მთამდე. თამაშში არ არსებობს არავითარი რუკა, არც მინიშნებები, მხოლოდ წმინდა სუფისტური ხეტიალი. მთავარი გმირიც, ეს არსება, სუფი მოხეტიალეს გავს თავისი წითელი სამოსით. ხეტიალში ის ჭეშმარიტებას ეძებს, რომელიც მხოლოდ მისთვის რჩება ნაცნობი. ის მარტო მიდის და თავადაც კარგად არ აქვს გააზრებული სად და რატომ. რა შეხვდება გზის ბოლოს? საკრალური მთა? ხსნა? კათარზისი? ფერისცვალება? თამაშისას მას სხვა მოთამაშეებიც შეიძლება შეხვდეს, არც მათი სახელი იცის, არც წარმომავლობა. შესაძლებელია ერთად გააგრძელონ გზა ბოლომდე, ან რამოდენიმე წუთით შეხვდნენ ერთმანეთს და სამუდამოდ დაშორდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, ყველამ საკუთარი გზა უნდა გაიაროს. მარტო, არავითარი ბმა, პრიმიტიული გრძნობები წყალში გადაგდებული ქვით გამოწვეულ მღელვარებას გავს, წყლის ზედაპირი მალევე წყნარდება და აღარაფერი ეტყობა. რჩება ეს არსება, ყველა მოთამაშე, ყოველი ადამიანი, მარტო… საკუთარ თავთან.
Journey-ს სამყარო არ გავს დანარჩენებს, აქ არ მოქმედებს ფიზიკის ჩვეული კანონები, ის ცნობიერის მიღმაა. ეს სამყარო უფრო მუდმივი დინებაა. თამაშში მოქმედება უდაბნოში იწყება, მაგრამ ესეც არ არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი უდაბნო; ეს უდაბნო უფრო დინამიურია, ოკეანეს გავს, რომელმაც ყველა არსებას სიცოცხლე აჩუქა. ამ სიცოცხლიდან და დაბადებიდან იწყება პატარა არსების მოგზაურობა.
აღმოსავლური კოლორიტი ამ თამაშის ყველა წვრილმანში ჩანს: შინაარსში, ფერებში, მუსიკაში, გარემოში… Journey ტანტრაა, რომლის გაგება ყველას თავისებურად შეუძლია, თუმცა ახსნა მხოლოდ ერთი აქვს. გზაში შეიძლება ვერ ჩაწვდე, თუმცა მთასთან მისული ყველაფერს მიხვდები. არსება იბადება, ადამიანი იბადება, გადის თავის გზას, ეშინია, უხარია, ბრაზდება, იცინის, ტირის, იბრძვის… წინ მიდის. გზაში ხვდება ტაძრები, ცივილიზაციები, არსებები, მაგრამ… მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ ატრიბუტიკაა, მთავარია დინამიკა და გზა, მთავარია მოგზაურობის გაგრძელება, მწვერვალთან მისულს კი მხოლოდ სინათლე ხვდება: „საკრალური მთა, „ღმერთი“, „ზებუნებრივი ძალა“ – ამას ყველა თავისთვის წყვეტს. განიცდის კათარზისს, კვდება, განიცდის ქრისტიანობისთვის ასე ნაცნობ ფერისცვალებას, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ყელაფერი თავიდან იწყება; ისევ და ისევ, დაუსრულებელი სამსარა… Аптека, улица, фонарь…
ტანტრული სიმბოლიკა აქ ფერებშიც ჩანს და თითოულ ეტაპს სიტყვების და მოქმედებების გარეშე ხსნის. Journey-ს დასაწყისში უდაბნოა – ყვითელი, მღელვარე. აქ მოთამაშე (არსება) ახალმოვლენილია ამ უცნაურ სამყაროში. სუფთა, უმანკო, უცოდვილი არსება. ტანტრაში ყვითელი გონებრივი აყვავების და სიმდიდრის ფერია, ასევე სათნოების. თუმცა საინტერესოა ყვითელისა და წითელის შერწყმა თამაშის დასაწყისში. გარდა იმისა, რომ წითელსამოსიანი მოხეტიალე არსება სუფის განასახიერებს, ტანტრაში წითელი სიცოცხლის და სიყვარულის ფერია. ოღონდ აქ საქმე გვაქვს რთულ სანსკრიტულ ტერმინთან, რომელიც, ისევე როგორც სანსკრიტის სიტყვების უმეტესობა, ზუსტად არ ითარგმნება არც ერთ ენაზე.


ტანტრაში წითელი, მუქი წითელი, სიყვარულის ფერია, მაგრამ არა იმ გაგებით სიყვარულის, რა სიტყვასაც მივეჩვიეთ ჩვენ. აქ უფრო მართებული იქნება „რაგას“ ან თუნდაც „მაჰა-რაგას“ გამოყენება. „რაგა“ ჩვეულებრივ კონტექსტში ვნებას ნიშნავს, შესაბამისად „მაჰა-რაგა“ – ძალიან ძლიერ ვნებას, თუმცა სიტყვა „მაჰა“ ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანია ბუდიზმში, განსაკუთრებით ვაჯრაიანაში და მაჰაიანაში. „მაჰა“ ძირითადად სიცარიელეს, ან შუნიატას ნიშნავს. შუნიატაც ის ბუდისტური ტერმინია, რომლის გადათარგმნა თითქმის შეუძლებელია. შუნიატა ერთდროულად სიცარიელეს და სისავსეს ნიშნავს. ამ სიტყვით ბუდისტები აღნიშნავენ შედარებითსაც და აბსოლუტურსაც. შუნიატა ერთდროულად შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც „ჭეშმარიტება“, ”რეალობა“, „ტრანსცედენტობა“. ამგვარად, შუნიატა არის აბსოლუტური რეალობა. „მახა“ კი გულისხმობს, რომ ყველაფერი, რაც კი ამ პრეფიქსის შემდეგ მოდის, შუნიატას განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, „მაჰარაგა“ ტანტრის კონტექსტში უბრალოდ დიდებულ ვნებას კი არ ნიშნავს, არამედ ემოციას, უდიდეს ემოციას, რომელმაც შუნიატა გაიარა, გაიარა აბსოლუტი, ჭეშმარიტება და სრულიად იცვალა საკუთარი ბუნება. ზუსტად ეს მაჰარაგა ასოცირდება წითელთან. გამოდის,რომ თამაშის დასაწყისშივე მოცემულია პასუხი თუ რა მოხდება საკრალურ მთასთან მიახლოების შემდეგ: ის რაც უკვე მრავალჯერ მომხდარა, არსება გარდაიცვლება, იმისთვის რომ შუნიატა გაიაროს და თავიდან დაიბადოს პირვანდელი, სუფთა, ხელუხლებელი სიყვარულის სახით. მიუხედავად იმისა, რომ Journey მეტ წილად ბუდისტური ფილოსოფიის მატარებელია, არსების, როგორც სიყვარულის განსახიერება ქრისტიანობასთანაც ავლებს პარალელს. მას არ ეშინია სიკვდილის და მხნედ გადის ამ გზას, რადგან იცის, რომ კიდევ უფრო დიდ სიყვარულს უერთდება და ამით არ მთავრდება მისი არსებობა. ამიტომაც, მნიშვნელოვანი და საინტერესოა თამაშის თავიდან დაწყება და კიდევ ერთხელ გავლა, როცა უკვე სხვა პერსპექტივით უყურებ არსებულ სიუჟეტს.
შემდეგ, თამაშში გვხვდება ლურჯ-მწვანე ფერთა გამა. მწვანე – განმანათლებლობის, ძენის სატორის ფერია და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს – აქტივობის. ამ ეტაპზე არსებას მონსტრები ხვდება, და გაუგებარია რამდენად მართლა გარეგანი მონსტრებისგან იმალება თამაშის გმირი, თუ საკუთარ, შინაგან მონსტრებს ებრძვის გონების განათების და ჰარმონიის მოპოვების გზაზე. მაგრამ მალევე ლურჯი ფერი შემოდის თამაშში, გამარჯვებული, განათებული გონების ფერი და ყველაფერი ნათელი ხდება.
და ბოლოს, თეთრი… თოვლის, ჰიმალაიების უქათქათესი თოვლის ფერი. თამაშშიც ჯერ თოვლი გვხვდება, შემდეგ კი საკრალურ მთაზე თეთრი სინათლე. ტანტრის თეთრი ფერი სიმშვიდის, სიწმინდის ფერია. ეს სრული განთავისუფლებაა შფოთვისგან, განცდებისგან. ეს ფერი ყველა დაბრკოლების და სირთულის გაქრობის ფერია. თეთრი წარმოადგენს მშვიდ, განათებულ, სიბოროტისგან განთავისუფლებულს, ბოროტებას დაძლეულ გონებას. მორჩა. გონება ცარიელია, არსება მივიდა გზის ბოლოს. ან დასაწყისში. შეუერთდა „საკრალურ მთას“, „ენერგიას“, მისთვის ბუნებრივი პირვანდელი სახე მიიღო. მისი ცხოვრების გზა დასრულდა, მაგრამ ახალი გზა იწყება. და ასე იქნება უსასრულოდ, ბევრ სამყაროში, ბევრ გალაქტიკაში… ყოველთვის..

ცალკე აღსანიშნავია თამაშის გენიალური მუსიკალური გაფორმება და ფინალური საუნდტრეკი, რომელიც ხსნის ყველაფერს, თუ რაიმე შეკითხვა კიდევ დარჩა. Austin Wintoryს “I Was Born For This” (ამისთვის დავიბადე) ტექსტში შეკრებილია კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებების ციტატები, როგორც კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, თუ რამდენად ერთიანია ჩვენი კოლექტიური არაცნობიერი და რამდენად ერთნაირ გზას გავდივართ კულტურების, რელიგიების და ეროვნებების განსხვავების მიუხედავად.

1
დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
Mevlud-Sabashvili Recent comment authors
  გამოიწერეთ  
უახლესი უძველესი მაღალი შეფასებით
შემატყობინე
Mevlud-Sabashvili
ავტორი

Very well put-together article. Perfectly encapsulates thoughts when playing this beautiful game.