ვიდეო განხილვა

Far Cry Primal განხილვა

რამდენჯერ გდომებიათ, რომ გენახათ რა ხდებოდა ჯერ კიდევ პრიმიტიული კაცობრიობის ერაში? შეიძლება, ჩემსავით არც არასდროს არ გიფიქრიათ ამაზე, მაგრამ თამაში, სადაც მოქმედება ვითარდება, ქრისტეს შობამდე 10 000 წლის წინ, მაინც ძალიან საინტერესო ცვლილება აღმოჩნდა დღევანდელ, ძირითადად ფუტურისტულ რეალობაზე აგებული თამაშებისგან. კომპანია Ubisoft-მა Far Cry Primal-ით (შემდომგში FCP) შემოგვთავაზა წარსულის უნიკალური ხედვა, მაგრამ საინტერესოა, თუ რამდენად შეძლო მან, მასიური სამყაროს შექმნასთან ერთად, კარგი შინაარსის მასთან მიბმა. ბოლოს და ბოლოს, Far Cry 3-სა და 4-ს შემდეგ მოლოდინი ძალიან მაღალი იყო.

უბისოფთმა ნამდვილად ახალ პროექტს მოკიდა ხელი ერთი წლის წინ და მოინდომა უნიკალურის შექმნა, რაზეც, ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ არ გამოუვიდა. პირველივე წუთიდან შეუმჩნევლად ჩათრეული ხდებით ქვის ხანაში და როდესაც გამოფხიზლდებით, უკვე საკმაოდ შორს ხართ წასული. პირველ რიგში, რაც ყურადღებას იპყრობს არის ენა, რომელზეც მუშაობდნენ სერიოზული ექსპერტები, რომ შეექმნათ მაქსიმალურად რეალისტური და შემორჩენილ წყაროებთან მიახლოებული სალაპარაკო ენა თამაშისთვის (ჯობიათ სათვალეები მოიმარაგოთ). ამით ხვდებით, რომ ეს არ არის უბრალოდ ახალი სამყაროს პორტირება ძველ თამაშებში. წარსული არ ხდება შესაძლებლობების შეზღუდვის საფუძველი, შეიძლება ითქვას, რომ პირიქით წარმოგვიჩნდება ბევრი აქამდე მიფუჩეჩებული სისტემა. ისინი, რასაც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით ფრენჩაიზის წინა ნაწილებში, ახლა თამაშის მსვლელობის მთავარ ფუნქციებად იქცა. პირველად გაჩნდა დაძაბულობის და უსამოვნობის შეგრძნება სერიებში. ირმებისა და თხების გარდა, ყველა და ყველაფერი თქვენს მოკვლას ცდილობენ. ღამით სიარული კი რეკომენდირებული ნამდვილად არ არის. დამღლელი შუთერის მაგივრად, საჭიროა უფრო ჩუმად და დაფიქრებულად სიარული. და რაც ყველაზე უნიკალურს ხდის თამაშს, არის მტაცებელი ცხოველების მოთვინირება, რომლებიც ძალიან დაგეხამრებიან ველურ ბუნებაში. მაგრამ შინაარსის მხრივ, FCP ნამდვილად ჩამორჩება მესამესა და მეოთხე სერიებს, რაც ძალზედ სამწუხაროა.

მთავარი პერსონაჟის სახელი არის ტაკარი, ვენჯას კლანის სპირიტული და რეალურად ფიზიკური ლიდერი, იმიტომ რომ ტაკარის გარდა, სხვა კეთილი პერსონაჟები მხოლოდ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებიან. ტაკარი უნდა გადაურჩეს მტაცებლებით დომინირებულ სამყაროს, დაამარცხოს ოროსში (ცენტრალური ევროპის) მყოფი დანარჩენი ორი სხვა ტომის ლიდერი და შემოიერთოს ისინი, რომ საბოლოოდ ვენჯას ხალხი გახდეს, ამ ტერიტორიის ერთპიროვნული მმართველი ტომი. თამაშის დასაწყისში ძალაუფლება იყოფა სამ ტომს შორის, მაგრამ რატომ ვარქმევთ აცუილებლად ბოროტებს დანარჩენს ორს. ტაკარის სამეგობროც საკმაოდ საეჭვო პერსონაჟებისგან შედგება, რაც დაგაფიქრებთ, რეალურად რამდენად ჯობია დანარჩენ ტომებს ვენჯა და სიკეთის რამხელა საფეხურზე დგას ტაკარი… ეს ხომ უბრალოდ სისხლიანი ომია.

მაგრამ FCP-ს აკლია პერსონაჟებზე აგებული ისტორია, შინაარსი, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ და მისიები, რომლებიც გავლენას ახდენენ შინაარსზე. ვენჯას ტომის ლიდერი ტაკარი – მხეცების მასტერი, უდამის ტომის ლიდერი უიი – ადამიანის ხორცის მჭამელი ტირანი, იზილას ტომის ლიდერი ბატარი – მზის ძალის მოშიში, სანახევროდ გიჟი. ეს არის ის ინფორმაციები, რომლებიც ირკვევა მთელი თამაშის მანძილზე, რაც ძალიან ჩამოუვარდება წინამორბედებში მყოფ პაგა მინს, უკვდავ ვაასს და მათ პროტაგონისტებს. არ არსებობს არანაირი ისტორია ტომების შესახებ, მისიების დიდი ნაწილი შედგება მთელი დასახლების ამოხოცვით და შემდეგ თამაშში პროგრესირება, რომ მოხდეს მთავარი მისიებიც არის მხოლოდ და მხოლოდ სხვა ტომის წევრების უმოწყალო ჟლეტვა. არც უიი და არც ბატარი არ წარმოადგენენ მტრებს, რომელსაც იმსახურებს Far Cry-ს ფრენჩაიზი, უინტერესო და მოსაწყენი პერსონაჟები, რომელთა ერთადერთი დადებითი მხარეები არის დიზაინი, თუ რამდენად კარგად არიან წარმოდგენილნი ისინი. მოკლედ, რომ ვთქვათ – სახეზე საშიშები, მაგრამ არაფრით განსაკუთრებულნი. ტაკარის ლიდერობაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერ დავალებაზე მიდის მარტო და რომელიმე ცხოველის დახმარებით ანადგურებს ყველაფერს რაც გზაზე გადაეღობება.

სისტემა უცვლელია, Assassin’s Creed-ის შემდეგ, უბისოფთს ჭკუაში აქვს დამჯდარი რუქის ეტაპობრივად გახსნა სხვადასხვა ტერიტორიების დაპყრობით, ამჯერად სხვა ტომების მიერ დაარსებული დასახლებების დაპყრობით, რაც სიამოვნებიდან ძალიან მალე გადადის მოსაწყენ ვალდებულებაში, რომ წესიერად დაინახოთ, რა ხდება რუქაზე და ყოველ წამს მტრები არ გეჩეხებოდნენ იმ ადგილას.

მაგრამ ერთგვარად სწორხაზოვანი და ცოტათი მოსაწყენი შინაარსი არ ხდება იმის საფუძველი, რომ გათიშოთ და დაასრულოთ თამაში, რადგან პირველივე წუთიდან ჩანს, რომ დეველოპერების აქცენტი არც არსდროს არ ყოფილა ამაზე. FCP-ის მთავარი სილამაზე, სწორედ გეიმფლეისა და გარემოშია, ეს უკანასკნელი კი გიპყრობს და განდომებს, რომ უაზროდ და უმიზეზოდ იხეტიალო ოროსში და დრო და დრო შეეცადო ვენჯას წევრების გადარჩენას სხვადასხვა ხიფათებისგან, პატარა მისიების სახით, რაც საერთო ჯამში ზრდის ტომის პოპულაციას და გიმატებთ ყოველდღიურად მიღებულ სარგებელს ნივთების სახით. აღარანაირი მანქანები და უცნაური მფრინავი აპარატები (Far Cry 4), რომ დაგეხმაროთ მანძილის მალე დაფარვაში. მაქსიმუმ სწრაფი მოგზაურობის სისტემა დაპყრობილ ტერიტორიებს შორის. იარაღები, რომლებიც არის ძალიან პრიმიტიული, მაგრამ დროისთვის ზუსტად შესაფერისი. სამყარო, ველური ბუნებით, თოვლიანი მთებით, უამრავი გამოსაკვლევი ტერიტორიით, მაღალ დონეზე გაკეთებული სანადირო ადგილებით და თავის მხრივ საშიში. სწორედ ეს არის FCP-ის ხიბლი და არა არა მისი საშუალოზე დაბალი დონის მტრები.

FCP-მ შემოგვთავაზა მშვენიერი სიახლე და ძალიან დიდი ნაწილი თამაშში. მთავარი პროტაგონისტი, ტაკარი არის დაჯილდოებული ცხოველების კონტროლის ნიჭით, რაც თამაშის მანძილზე არამარტო ძალიან დაგეხმარებათ სხვადასხვა მისიების შესრულებაში და ღამით გადარჩენაში, არამედ საოცარი დიდების გრძნობა დაგეუფლებათ, როდესაც დაჯდებით გამანადგურებელ მამონტზე ან პრე-ჰისტორიულ დათვსა თუ ვეფხვზე. იქიდან გამომდინარე, რომ იარაღები შედგება მშვილდისგან და ცოტათი განვითარებული კომბლისგან, ნამდვილად შეუძლებელია თვალ დახუჭული ბანაკში შევარდნა და მშვილდით ყველას გაპობა, ამიტომ ბუსა და რომლიმე ძლიერი მტაცებლის თქვენს გვერდით ყოფნა ძალიან სწრაფად ხდება გეიმფლეის აუცილებელი პირობა. ხანდახან შეიძლება საერთოდ არც კი გაინძრეთ დამალული ადგილიდან და თქვენს ცხოველებს მიანდოთ საქმის მოგვარება.

Far Cry 3-ისა და 4-სგან განსხვავებით კრაფტინგისა და ნადირობის სისტემა აუცილებლობამდეა აყვანილი. კი, წინა ნაწილებშიც საჭირო იყო ნადირობა, რომ გაგეძლიერებინათ იარაღები, გაგეზარდათ სატარებელი ჩანთები და ა.შ., მაგრამ რელურად, რომ შევხედოთ არც ასეთი აფგრეიდების გარეშე არ გაგიჭირდებოდათ დიდათ თამაშის დახურვა. FCP საჭიროს ხდის ნადირობას, რომ თუნდაც შეინარჩუნოთ თქვენი სიცოცხლე მოპოვებული ხორცით. ბუნებაში აღებული მცენარეები, ხეები და სხვდასხვა ცხოველების ტყავები დაგეხმარებათ, რომ განავითაროთ საკუთარი ტომი, გააძლიეროთ და ასევე გახსნათ ახალი საჭირო იარაღები.

შემდეგი სიახლე
Mass Effect: Andromeda განხილვა
Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *