×

კოოპის აუტანელი სიმსუბუქე

კოოპის აუტანელი სიმსუბუქე

მოცემულ ტექსტში განხილულ დაკვირვებას, საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც მეგობარმა თამაში მაჩუქა. ნაჩუქარ დისკს წარწერას არ უმოწმებენო და უზრდელობა იქნებოდა ერთხელ მაინც არ მეცადა. თანაც კოოპ-თამაში იყო და მეგობარსაც ჰქონდა. მინიშნება გასაგები იყო.

თამაშის სახელია The Division. წითელ წიგნში შემავალი ხალხისთვის, ვინც არ იცის რა არის The Division, მოკლედ მოგიყვებით:

ფულის ბანკნოტებით გარდამავალმა ვირუსმა ამერიკის მოსახლეობა მუხლებზე დააჩოქა. სახელმწიფო სტრუქტურამ კოლაფსი განიცადა და დემოკრატიის სავანე ანარქიის ბუდედ იქცა.

მოთამაშეები გამოდიან სპეციალური დანიშულების რაზმის როლში (The Division… Obviously). ისინი ქუჩა-ქუჩა ცდილობენ აღადგინონ წესრიგი საშობაო დეკორაციებში გაყინულ ნიუ-ორკში.

თამაში სტანდარტულად დაიწყო. შემაქმნევინეს ჩემი ავატარი და გამიშვეს კოოპის ჩართვამდე აუცილებელი მისიის შესასრულებლად (რომლებსაც ვერ ვიტან, მაგრამ ეს ცალკე სტატიის თემაა) . მთელი ეს დრო, მე და ჩემ მეგობარს აუდიო კავშირი გვქონდა.

დაახლოებით ორი საათი ვითამაშეთ. თამაში ძალიან ლამაზია… 2013 წლის E3 დემონსტრაციაში. თუმცა, სამართლიანობისთვის აღსანიშავია რომ ფინალური ვერსიაც ღირსეულად გამოიყურება.

ორი საათი მასხარაობის, ტაქტიკურობის იმიტაციის და მანქანებზე კარების მიხურვის შემდეგ, ვიფიქრე რომ მოვალეობა მოვიხადე და შემეძლო აღარ მეთამაშა. ასეც გავაკეთე და მას მერე ჩემი საჩუქარი მტვერს აგროვებდა.

Ubisoft საკუთარ თავთან მართალი არ იქნებოდა, უფრო დახვეწილი სიქველი არ გამოეშვა. ინტერნეტში გაბატონებული ჰაიპის გავლენით, ვიფიქრე პირველ ნაწილს კიდევ ერთ შანსს მივცემ. მეგობარს უკვე დახურული ჰწონდა და თამაშის სურვილი არ გამოხატა. მომიწია მარტო თამაში. და რაღაც საინტერესო მოხდა.

დავიწყე ახალი რაღაცეების შემჩნევა. თოვლის საბნით მოხურულ ნიუ-ორკშ ბევრი ადამიანი დარჩა, მაგრამ როდესაც მოყინულ ქუჩებში დადიხარ, იგრძნობა მელანქოლიური მარტოობა. ხედავ რომ საშობაო დეკორაციები ათასფერად ანათებენ, მაგრამ სინამდვილეში შავ-თეთრი მოგონება არიან. ისმის ძაღლების ყეფაც, ხალხის ლაპარაკიც შორიდან, ქარის შრიალიც, მაგრამ ეს ყველაფერი წუთიერი დუმილისას პატარა გაფაჩუჩებას გავს. მსგავსი ატმოსფერო I Am Legend ფილმის დასაწყისში გვხდება.

რატომ მოვედი ასეთ ლირიკულ ხასიათზე? ალბათ იმიტომ რომ მეც ნიუ-ორკის მსგავსად მარტო ვიყავი. აზრებს არ ვაჟღერებდი და ისინი ფიქრებად ვითარდებოდა. განმარტოვებამ საშუალება მომცა ჩემი რიტმის კალაპოტში ჩავწოლილიყავი ადა დინებას მივყევი. სწორედ ამიტომ შევძელი გარშემო მიმოხედვა და ნაგვით გაჟღენთილი ქუჩების სათანადოდ შეფასება.

მარტოობა The Division-ს უხდება. მიუხედავად იმისა, რომ გეიმფლეი ძირითადად კოოპზეა ორიენტირებული, განმარტოვება ექოსავით იმეორებს თამაშის არტისტულ დიზაინს და როდესაც მოთამაშის მდგომარეობა მსგავსია, ვიღებთ უნიკალურ გამოცდილებას სადაც მოთამაშეც და თამაშიც ერთი ეთერის ნაწილი არიან.

ზოგადად, კოოპ-თამაშები დამრთგუნველ ატმოსფეროსთან ვერ მეგობრობენ. წარმოიდგინეთ, Metro სერიის თამაშებში არტიომთან ერთად მეგობარი დაგყვებოდეთ, წყვდიადით დატბორილ გვირაბებში. ცოტა იცვლება წარმოდგენა არა? გარკვეული თავისი ხიბლი ამასაც აქვს, მაგრამ რაღაც – არასწორი იქნებოდა.

რატომ არის ასე? რა თქმა უნდა, იმას უნდა ხაზი გაესვას, რომ ყველა ადამიანს თავისი მიდგომა და ხასიათი აქვს და განზოგადება კონკრეტული ფენომენების არაკეთილსინდისიერი საქმეა. მაგრამ მაინც ვიზამ.

ადამიანი როგორც სოციალური ცხოველი ძალას სოციალურ გარემოში პოულობდა. ევოლუციის ამხელა ეტაპს სწორედ ამ კომუნიკაბელობის უნარით გადავურჩით. ანუ, გამოდის რომ, რაც მეტი ვართ – მით უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. სხვა ადამიანის ყოფა ჩვენი აქტიურობის გარემოში დამატებით დაცვას გვანიჭებს. თანაც, უმალვე ირთვება მექანიზმი, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ძლიერი გამოგვაჩინოს სხვებთან ყოფნისას. ამას დავამატოთ ის, რომ სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობისას, უმეტესად მცირედით, მაგრამ მენტალურად ყოფაქცევა გვეცვლება და გარკვეული როლის თამაშს ვიწყებთ, რომელითაც გვგონია რომ ყველაზე მისაღები ვიქნებით ამ გარემოში.

ვიცი, რომ ცოტა სხვაგან გადავუხვიეთ, მაგრამ გარკვეული სიმართლის პოვნას ვცდილობთ და მოითმინეთ.

კოოპის დროს პრაქტიკულად ჩვენ არ ვთამაშობთ. არამედ, ვიღაც სხვა, ვინც ამ უამრავი სოციალური ფაქტორების გავლენით ხასიათდება. ეს სრულიაც არ ნიშავს რომ რაღაც პირფერობას ან მოჩვენებლობას აქვს ადგილი, სულაც არა. ასეთი ბიჰევიორისტული ფენომენი თითქმის ყველასათვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ეფექტია. სავსებით ნორმალურია ნებისმიერი ადსმიანისთვის.

ახლა, ტექსტის ბოლო მის დასაწყისთან დავაკავშიროთ ლოგიკურობის ჯაჭვისთვის. გამოდის, The Division – ის თამაშისას, როდესაც კოოპში ვიყავი, მთლიანად მე არ ჳთამაშობდი. არამედ, ცოტა სახეცვლილი მე, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ყველაფერი გააკრიტიკოს და ხუმრობა მოიფოქროს. არაფერი არ უჭირს მას. კარგი ბიჭია. მაგრამ, როდესაც მარტო ვითამაშე, მელანქოლურ ხასიათზე მყოფი, დეტალებზე დაკვირვებით და ნელი ტემპით სიარულით, თამაში სახეიცვალა. მე და თმაშს უკვე სხვანაირი დიალოგი გვქონდა. გაცილებით უფრო პირადი. ინტიმური. მისი არტისტული დიზაინი და თემები უფრო ახლოს იყო ჩემს განმარტოვებულ მდგომარეობასთან. თანაც, მარტოობისას ფიქრები უფრო კარგად ისმის.

ორი აბზაცის წინ დავწერე, რომ რაღაც სიმართლეს ვეძებ. ალბათ, თქვენც უნდა გაიაროთ მსგავსი გამოცდილება უკეთესად რომ მიზვდეთ ამდენი რაზე ვწერე. The Division მარტო ითამაშეთ. ესაა პასუხი? მეეჭვება აქ რაიმე კონკრეტული პასუხი იყოს. კოოპერატიული თამაშები მშვენიერი რამ არის, მაგრამ ამ დაკვირვებამ დამაფიქრა. რამდენად უფრო სხვანაირად აღვიქვამდი სხვა კოოპ თამაშებს მარტო რომ მეთამაშა? მე რომ მეთამაშა?

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე