განხილვა

Call of Duty: Infinite Warfare განხილვა

კიდევ ერთი წელი და კიდევ ერთი ახალი შუთერი კომპანია Activision-გან. წლევანდელი Call of Duty არის დეველოპერული სტუდიის Infinite Ward-ის დამსახურება. ფრენჩაიზი უკვე მეცამეტე თამაშს „იკვეხნის“ საკუთარ სახელზე, მაგრამ საინტერესოა რამდენად კარგი გამოდის თამაში, როდესაც კრეატიული დეველოპერი გადაწყვეტს, რომ საერთოდ უგულებელყოს ხანგრძლივი ფანების სურვილები და მოთხოვნები და პირდაპირი მნიშვნელობით, საერთოდ გასცდეს ყველანაირ საზღვრებს. სამწუხაროდ ასეთი დამოუკიდებლობა და საზოგადოებისგან ასეთი გამოყოფა ხშირად ბადებს პრობლემებს, რის აშკარა მაგალითიც არის No Man’s Sky.

Infinite Warfare-ის (შემდეგში IW) სიუჟეტურად საკმაოდ სწორხაზოვანია, უბრალოდ მისი მასშტაბებია ძალიან, ძალიან გაზრდილი. გვყავს ბოროტი ტერორისტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოებას და საჭიროა მისი ნეიტრალიზება რაც შეიძლება სწრაფად. მთავარი პერსონაჟი არის ერთ-ერთი სპეციალური ჯარის წევრი, რომელიც მოულოდნელად ხდება კოსმოსური ხომალდის კაპიტანი და სათავეში უდგება ბრძოლას, მარსის ტერორისტული კოლონიის წინააღმდეგ.

დიახ, კოსმოსური ხომალდი და დიახ, მარსის კოლონია. ნამდვილად არაფერი არ მოგესმათ. IW-ის მოქმედება ვითარდება საკმაოდ ღრმა მომავალში, სადაც კაცობრიობამ ამოწურა დედამიწის რესურსები და სახელმწიფოების გაერთიანებული ძალებით შესაძლებელი გახდა კოლონიების ჩამოყალიბება სოლარული სისტემის ახლომახლო პლანეტებზე. სამწუხაროდ მარსის კოლონიას სათავეში ჩაუდგა არც ისე სასიამოვნო პიროვნება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კაცობრიობა ისედაც დაღუპულია და მარსის მოსახლეობა არის ჭეშმარიტი გზა განვითარებისკენ (მეორენაირად ჰიტლერის სენით შეპყრობილი). ასეთი შინაარსით, თამაშის მოქმედებაში შეხვდებით სხვადასხვა პლანეტებს, ლაზერულ – პლაზმა იარაღებს, კოსმოსში ომებს და მრავალ უცნაურ ფაქტს, რომელიც რაღაცნაირად არ ჯდება Call of Duty-ს ფორმატში. მაგრამ სწორედ ეს იყო Infinite Ward-ის მიზანი, როდესაც დაიწყო თამაშზე მუშაობა 2014 წელს. მათ სურდათ განსხვავებული და ინოვაციური თავგადასავლის შეთავაზება საკუთარი ფანებისთვის, რომელიც მომავალში გახდებოდა ფრენჩაიზის ქვე-ჟანრი და დაიწყებოდა ახალი ისტორიის დაწერა.

კრეატიული იდეა კოსმოსში სროლების უკან არის ძალიან მარტივი, დეველოპერებს სურდათ „ინოვაციის“ შემოტანა ძალიან მონოტონური სტილის თამაშში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ თავბრუ არ გეხვევათ, საკმაოდ გასართობია კოსმოსში უაზრო ტრიალის დროს მტრების სამიზნეში აღება და შედარებით ადვილად მოკვლა. მაგრამ, თუ შევხედავთ ობიექტურად, გეიმფლეის ამ ნაწილმა აბსოლუტურად არ შემატა არაფერი საინტერესო და დასამახსოვრებელი CoD-სა და კონკრეტულად IW-ს სამყაროს. სამწუხაროდ ასეთი მომენტები არც სწრაფი მსვლელობით არ გამოიხატებოდა და არც რაიმე საინტერესო ფიზიკით არ იყო დატვირთული.

სიუჟეტური რეჟიმის გეიმფლეი ელემენტები საკმაოდ განმეორებადი იყო. მაგრამ ვაღიაროთ, რომ ბევრს ვერ მოითხოვს და არ უნდა ელოდოს ადამიანი ფრენჩაიზისგან, რომელიც 13+ წელია ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს. იარაღების მრავალფეროვნება საკმაოდ შეზღუდულია, რეალურად დამატებული მხოლოდ პლაზმური იარაღებია, რომელიც არ განსხვავდება სხვა იარაღებისგან,  ტყვიების წვდომა იგივე და ვაზნების მოპოვებაც იგივე პრინციპით ხდება, უბრალოდ იარაღის ეს ტიპი დამატებულია სპეციალური რობოტების მოსაკლავად და თამაშში, ერთგვარი მრავალფეროვნებისა და სიახლის შემოსატანად, რაც არც ისე წარმატებული გამოდგა. IW-ის კიდევ ერთი დამატება აქვს, მოთამაშეს, სიუჟეტის განვითარების მანძილზე, რამდენჯერმე უწევს რეაქტიული თვითმფრინავით კოსმოსში ბრძოლა. თამაშის ეს ნაწილი ნამდვილად ხდის გეიმფლეის საინტერესოს. მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს, რომ გააძლიეროს საკუთარი თვითმფრინავი, შეუცვალოს მას ვაზნები და უფრო მეტად გამანადგურებელი გახადოს ის. უშუალოდ ბრძოლაც ძალიან გასართობია. ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და საჭიროა მუდმივი მზადყოფნა: ტყვიების ასაცილებლად, მოწინააღმდეგეების დასაბომბად და როგორც კაპიტანს, სხვების დასახმარებლად. შეიძლება ითქვას რომ, სწორედ ეს ბრძოლები იყო ის მომენტები, რომელიც მანიჭებდა ხალისის, ექშენისა და სხვადასხვა ემოციების  ნანატრ განცდას.

მთავარი პრობლემა რომელიც წარმოიშვა სიუჟეტურ რეჟიმში, იყო თამაშის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თამაში იწვევს ჩემში ემოციას და ბევრი პერსონაჟის სიკვდილი უფრო დიდ ტკივილს მანიჭებს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში არსებული ადამიანის, Call of Duty: Infinite Warfare-მა ვერ შეძლო ვერც სიხარულის და ვერც სევდის გამოწვევა ჩემში. ამის გამომწვევ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა პირველ რიგში, მოვლენების მარტივად პროგნოზირება, ხოლო შემდეგ, პერსონაჟების ისტორიების არანაირი გაცნობა მოთამაშისთვის. ვერცერთმა სიკვდილმა თუ გმირულმა საქციელმა, ვერ დაიმსახურა ვერც შეცხადება და ვერც განსაკუთრებული რეაქცია.

IW-ს ონლაინ რეჟიმი საკმაოდ შეცვლილია ძველი ნაწილებისგან, დამატებულია რამდენიმე ახალი სათამაშო პერსონაჟი და ასევე შეცვლილია ტრადიციული მატჩის ტიპები. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი გავს სხვა ონლაინ თამაშებისგან აღებულ და CoD-ის სამყაროში პორტირებულ ვერსიებს. რა თქმა უნდა რუქები აღებულია სიუჟეტურ რეჟიმში არსებული ადგილებიდან და ასევე დამატებულია რამდენიმე ექსკლუზიური ტერიტორია. ბრძოლები კი ძალიან ფუტურისტულია, კედელზე სირბილითა და სხვადასხვა დეტალებით. 

ძალიან საინტერესოა თამაშის ზომბების ნაწილი, რომელიც არის კოოპერატიული ონლაინ რეჟიმი და გააჩნია საკუთარი განცალკევებული ისტორია. აღებულია 80-იანი წლების სტილი და მოქმედება ვითარდება არა კოსმოსში, არამედ ერთ-ერთ ატრაქციონის პარკში. ზომბების ნაწილი დატვირთულია საკუთარი იარაღებით, აღჭურვილობითა და სპეციალური ზომბების ხაფანგებით, რაც ერთგვარად საინტერესოს და გასართობს ხდის მთლიან თავგადასავალს.

Activision-მა და Infinity Ward-მა ვერ თქვეს ვერაფერი განსაკუთრებული ახალი Call of Duty-ს ნაწილით. მთლიანი გამოცდილება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩანდა საკმაოდ უინტერესო და მოსაწყენი. ხანდახან წინსვლა არ არის ყოველთვის გამოსავალი და უკან დაბრუნებაც საჭირო ხდება ხოლმე. ალბათ სწორედ ამის დროა ახლა ფრენჩაიზში, რომ არ დაიკარგოს ის ძალიან მზარდ და დიდ კონკურენტებში.

წინა სტატია
Driveclub განხილვა
შემდეგი სტატია
Assassin's Creed Syndicate განხილვა

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე