×

Gameland Georgia 2019 წლის საუკეთესო თამაშები

Gameland Georgia 2019 წლის საუკეთესო თამაშები

2019 წელი არ იყო საუკეთესო თამაშების ინდუსტრიაში. მომავალი კონსოლების შეტევა შემდეგი წლის ბოლოდან იწყება. კომპანიები ჩამალულები არიან და ყველაზე ძლიერ პროექტებს სწორედ თაობათა ცვლილების ზღვარზე გამოავლენენ. ამას უკვე მივეჩვიეთ. შარშან, God of War, Spider-Man, Red Dead Redemption 2 იბრძოდნენ წლის თამაშის ტიტულისთვის. ამჯერად ასეთი ცხელი ბრძოლა არ გვექნება, მაგრამ წელი ასე თუ ისე უნდა შევაჯამოთ. Gameland Georgia-ს სარედაქციო ჯგუფმა და აუდიტორიამ ხმის მიცემის გზით წლის საუკეთესო ათი პროექტი შეარჩია. ქვემოთ ისინი წარმოდგენილია ზრდადი ხმების რაოდენობის მიხედვით

10) Call of Duty Mobile

აღნიშნულ სერიას ძალიან კარგი წელი ჰქონდა. ორი წარმატებული პროექტი ერთ სეზონში მიღწევაა. უფროს ძმაზე კიდე ვილაპრაკებთ, აი მობილური ვერსია ნამდვილად იმსახურებს აღნიშნვას. თამაში სერიის მრავალმომხმარებლიანი რეჟიმის ადაპტაციას წარმოადგენს და ეს მობილურ გეიმინგში ახალი გეიმინგის სტანდარტია. მარტივად ამოიცნობთ ცნობილ ელემენტებს ლეგენდარულ რუკებზე. ამ სიაში ეს თამაში იმიტომაც ხვდება რომ პრაქტიკულად ყოველ მეორე სმარტფონაზე დაინახავთ, თუნდაც ჩვენთანაც საქართველოში.

9) Plague Tale: Innocence

ტექნოლოგიურმა და პროგრამულმა პროგრესმა გაცილებით გაამარტივა თამაშების შექმნის ტექნიკური მხარე. სწორედ ამიტომ ბოლო რამოდენიმე წელია ვხედავთ AA კლასის თამაშების რენესანს. დამოუკიდებელ პატარა სტუდიებსაც უკვე შეუძლიათ გრაფიკულად ღირსეული პროექტის გამოშვებაც. ჰარდკორული აუდიტორიის ინტერესის სიმცირე ინდი სცენის მიმართ გარკვეულწილად პრეზენტაციის ღარიბი დონით იყო გამოწვეული. არადა გეიმფლეის მხრივ რისკებზე სწორედ დამოუკიდებელი სტუდიები თუ წავლენ. სწორედ ასეთი რისკი იყო თავის დროზე Plague Tale. მან გაამართლა. თამაში წარმოადგენს ისტორიას შავი ჭირის შესახებ. კარგი ტექნიკური მხარე, უნიკალური გეიმფლეი და ლამაზი პრეზენტაცია, განაპირობებს თამაშის პოპულარობას.

8) Gris

Gris არის ყველაფერი რაც ინდი თამაშებში გვიყვარს. ლამაზი, მარტივი მაგრამ ღრმა გეიმფლეი, ექზისტენციალური თემები, მელოდიური რითმი, თავად მუსიკა. გამოცდილება რომელიც ნათელი წერტილი იქნება ნებისმიერი ადამიანის მოგონებაში. თამაში წარმოადგენს პლატფორმერს რომლის მიზანიც უბრალოდ ეკრანის უკიდურესი მარჯვენა მხარის მიღწევა არ არის. გზა რომელსაც იქამდე გადიხართ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ამ ისტორიაში, გამოცდილებაში, კითხვები პასუხებზე მნიშვნელოვანია. დაუვიწყარი თამაში რომელიც ყველამ უნდა გამოსცადოს.

7) Mortal Kombat 11

უბერებელი სერია ყოველი თავისი იტერაციით ახერხებს რაღაც ახალის შემოთავაზებას. ხან ტემპი იცვლება, ხან სპეციალური დარტყმების სერიის კომბო. ედ ბუნი თავისი საქმის ოსტატად რჩება. Injusted პარალელური განვითარება ზოგადად მოცემული კომპანიის თამაშებზე აისახება. სერია Call of Duty-ს დაემსაგვასა, სადაც 2-3 თამაშს შორის საკმაო განსხვავებებია, მაგრამ ერთიდან მეორეზე თუ გადადიხარ ცვლილებები არც ისე ბევრია. მიუხედავად ყოველწლიური რელიზის სიახლოვისა, ახალი Mortal Kombat ისევ მშვენიერი თამაშია მეგობრებთან ერთად დროის სახალისოდ გატარებისა.

6) GEARS 5

Microsoft-მა განაცხადა რომ ამჯერად თამაშებს სერიოზულად მოეკიდება. Sony-ს საბოლოოდ ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება ჰარდკორული თამაშების საასპარესოზე. GEARS 5 პირველი მერცხალია ამ დიდი განზრახვებისა და, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. თამაში AAA კლასის ძალიან კარგი მაგალითია. მაღალი დონის გრაფიკა, მსახიობების ოსტატური პერფორმანსი, პოლირებული გეიმფლეი. თამაშისას იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, თავისი მაშტაბით და ზოგადი შესრულების ხარისხით. მეოთხე ნაწილი ახალი სტუდიის გამოცდა იყო, რომელიც მათ წარმატებით ჩააბარეს. ამჯერად უკვე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. აშკარაა რომ საუკეთესო იდეები შემდეგი თაობის კონსოლებისთვის შეინახეს. რა ჩაიფიქრეს, ამას უკვე სულ მალე გავიგებთ.

5) Control

ფინელები Remedy Entertainment საკმაოდ რთულ გზაზე დგანან. Max Payne-ის შემდეგ მათ უჭირდათ უტყუარი ბესტსელერის გაკეთება. Microsoft-თან თანამშრომლობა მათი თამაშების ფინანსურ წარმატებას ვერ უზრუნველყოფდა. ხარისხიც, ასე თუ ისე მერყევი იყო. Remedy გადაწყვიტა რომ ბაზისებს დაუბრუნდნენ. კამერული შუტერი მესამე პირიდან გამორჩეული სროლის მექანიკით. Control პირველ Max Payne-ს მოგაგონებთ. თავისი ანტურაჟით შეიძლება არა, მაგრამ ხარისხობრივი შესრულებით და გადმოცემის ინტროსპექციული ნარატივის მეთოდით. მიუხედავად ისტორიის მცდელობისა, მთავარი აქ გეიმფლეი არის. Remedy კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ სროლა მესამე პირიდან ჯერაც მათზე უკეთესად არავინ აკეთებს.

4) Sekiro: Shadows Die Twice

ბოლო ათწლეული ინდუსტრიაში იმით იყო გამორჩეული რომ ახალი ჟანრი შეიქმნა. Soulslike თამაშები შეურთდნენ Roguelike და metroidvania-ს. მცირედი განსხვავება Sekiro-ს შემთხვევაში ის არის, რომ მოცემული soulslike თავად Dark Souls-ის შემქმნელებისგან არის. მათი ვარიაცია თემაზე საინტერესო ჰიბრიდია პლატფორმერის და ზემოთ აღნიშნული სერიის თამაშებისა. აქ დეველოპერებმა ასევე შედარებით ადეკვატურად ისტორიის მოყოლა სცადეს. არ გამოუვიდათ. მაგრამ გეიმფლეის საკმაოდ განსხვავებული და საინტერესო გამოვიდა რომ მიუხედავად ამ soulslike იარლიყისა, პროქტი დამოუკიდებლად არსებობს. ასევე იაპონია. ფეოდალური იაპონია უაღრესად ლამაზია. მხოლოდ ადგილობრივი პეიზაჟებისთვის უკვე უნდა დაიწყოთ თამაში.

3) Star Wars Jedi: Fallen Order

ЕА ვარსკლავურ ომებზე მიღებულ ლიცენზიას არც ისე კარგად უმკლავდება. პირველი თამაშები ცუდი არ იყვნენ, მაგრამ ფანები როგორც თამაშების ასევე კინოფრენჩაიზის მაინც უკმაყოფილო რჩებოდნენ. პირველი, ცალსახად კარგი თამაში სწორედ Jedi: Fallen Order გამოდგა. სტუდიისგან რომელსაც EA მაქსიმალურად ცდილობს დამარხოს. Respawn Entertainment შუტერების ოსტატები არიან, Titanfall არ იტყუება. აღმოჩნდა რომ მესამე პირიდან სათავგადასავლო თამაშების გაკეთებაც შეუძლიათ. მაგრამ, ველოსიპედის გამოგონება არ დაიწყეს. მათ უბრალოდ აიღეს წარმატებული ელემენტები სხვა პროექტებიდან და გააერთიანეს ერთ საკმაოდ კარგ გამოცდილებაში, რომელიც მოცემული სერიის ფანებს ნამდვილად დააკმაყოფილებს და ასე ვთქვათ, იმედს მისცემს რომ მომავალი ნათელია და ჯერი კიდევ შესაძლებელია Star Wars სამყაროში კარგი თამაშების გამოსვლა.

2) Call of Duty: Modern Warfare

Modern Warfare დაბრუნდა. არის MW 2019-ში მომენტები რომლებიცც გულისცემას აჩქარებს და ფიქტიური ნოსტალგიური ცრემლებით ნამავს სახეს. ძნელია გულგრილი დარჩე, როდესაც ახალი პრაისი გეუბნება: On your feet – We are leaving! ვინც იცის რაზეა ლაპარაკი, ისინი მიხვდებიან ამ სიტყვების ემოციურ სიძლიერეს. Infinity Ward აშკარად შეუძლია ძლიერი თამაშის გაკეთება უმაღლეს დონეზე. ეს ახლახან დაამტკიცეს. გავნმეორდები და Modern Warfare 2019 ხარისხობრივად უდავო ახალი სტანდარტია ინდუსტრიაში. ხმის დიზაინი, გრაფიკა, პროდაქშენის სიძვირე. არსად არ ყოფილა იარაღის გასროლის ასეთი კარგი და სასიამოვნო შეგრძნება. მრავალმომხმარებლაინი რეჟიმი ათეულობით საათით ამტყვევებს მომხმარებლებს. ეს თამაში გვაჩვენებს რამდენად ძლიერი ლოკომოტივია AAA კლასის თამაშები დღეს.

1) METRO: EXODUS

Gameland Georgia-ს რედაქცია და აუდიტორია უნისონში მღერიან რომ Metro: Exodus წლის საუკეთესო თამაშია. ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ორივე ბანაკში სწორედ ამ პროექტმა დააგროვა. გასაკვირიც არაა. ჩვენ გვინდა სიუჟეტურად ორიენტირებული თამაშები. ინდუსტრიის ადეპტები ცდილობენ დაგვიმტკიცონ რომ ისტორიაზე ორიენტირებული პროექტების აღსასრულის ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ დეველოპერები დღეს, როგორც არასდროს, გვიყვებიან ისტორიებს რომელთა შელახვაც ონლაინ-ინტერაქციებით სულაც არ გვინდა.

4A Games წარმატებისკენ დიდი ხანი მიდიოდნენ. ჯერაც ამ გზაზე არიან. Exodus შესანიშნავი თამაშია, მაგრამ შედევრამდე კიდევ აქვს გარკვეული ნაბიჯები. მიუხედავად კონცეპტუალური კითხვებისა, თამაში ჩაგითრევთ და დიდი ხანის განმავლობაში დაგტოვებთ პოსტაპოკალიპტური რუსეთის მდელოებზე. თამაში გამოვიდა მეტროს გვირაბებიდან, რომელიც მეტანარატივით თვითნ სერიის და სტუდიის გზას ასახავს. ახალი მეტრო მაღალი კლასის საერთაშორისო პროექტია რომლის ბადალიც პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არის.

Metro: Exodus იმსახურებს იმ რეგალიებს რომლებასც მას მიუწერენ და ჩვენც მივუწერეთ. კარგიამ რომ წლის თამაში ვნებიანი დეველოპერების მიერ გაკეთებული სიუჟეტური პროექტია, რომელსაც სურს ისტორია მოგიყვეთ და გაჩუქოთ გამოცდილება, რომელსაც ნამდვილად არ ინანებთ.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე