×

Gears 5 – Review

განხილვა

Gears 5 – Review

წარმოიდგინეთ – სკოლის მოსწავლე ხართ.

ან, მართლა თუ ხართ – არ წარმოიდგინოთ. ყოფილხართ უკვე. 

ცუდად სწავლობთ. მშობლებამდე მივიდა თქვენი ღარიბი სწრებადობის ამბავი, მაგრამ არ გეჩხუბებიან. უბრალოდ იმედგაცრუებული არიან. ამისგან თავს უფრო დამნაშავედ გრძნობთ. სარკეში იხედებით და საკუთარ თავს პირობას აძლევთ – მორჩა. გამოსწორდებით. ყველაფერს ისე გააკეთებთ როგორც საჭიროა, უფრო მეტადაც. საკუთარ თავს და მშობლებსაც ამის სიტყვა მიეცით.

გაგიმართლათ, მასწავლებელმა შრომატევადი დავალება მოგცათ. გიჭირთ. სხვებზე მეტად გირთულდებათ, მაგრამ ასრულებთ. ყველაფერს იყენებთ რაც კლასში გაგიგონიათ, სხვა ბავშვებს რომ უყურებდით, სანამ არაფერს აკეთებდით. თქვენითაც გრძნობთ რომ კარგად გამოგივიდათ. ამაყობთ. ჯერ მშობლებს აჩვენებთ, ისინი იღიმებიან. მეორე დღეს დავალება სკოლაში მიგაქვთ და მასწავლებელი გაკვირვებული უყურებს. თავიდან ფიქრობს რომ გადაიწერეთ, მაგრამ სხვას არავის არ აქვს მიახლოვებულათაც კი. ბავშვებიც აღფრთოვანებული არიან. ყველას ერთდროულად უკვირს და თან უხარია, რომ გამოსწორების გზაზე დადექით. 

Gears 5 სწორედ ასეთი საშიანაო დავალებაა Microsoft-ისგან. გვეუბნებიან, ჭკუა ვისწავლეთო და აწი გამოვსწორდებითო. მთელი ეს სტუდიების შესყიდვა, აქცენტი თამაშების სფეროზე, Windows-ის ეკოსისტემაში გეიმინგის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. კომპანია გვიჩვენებს, ახლა გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას დაგვითმობთო. თუ Gears 5 მათი კეთილი ნების პირველი საჩუქარია, წინ ძალიან საინტერესო კონსოლების მეცხრე თაობა გველოდება.

ლეგენდალური მარკუს ფენქსი ამჯერადაც ბრუნდება და ჩვენს გულებს ათბოს თავისი ხმით, თითქოს გადაცემათა კოლოფი სავსე მიწისთხილის კარაქით. თუმცა, ლეგენდას ამჯერად გამოკვეთილად მეორეხარისხოვანი როლი აქვს. მის შვილსაც კი.

Gears of War სერიას, რომ დავუფიქრდეთ, მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა, რომლის მიმართაც ცოტა პრეტენზიული შეგვიძლია ვიყოთ, ისიც გარკვეული spin-off იყო (Judgement-ს ვგულისხმობ). ძირითად ნაწილებში, თამაშების შეფასება 8-ანზე ქვემოთ არ ჩამოსულა. არადა, უკვე ხუთ თამაშს ვითვლით. ძალიან ადრე, კლიფ ბლეჟინსკის ასეთი საინტერესო იდეა ჰქონდა – მაგრად გაასწორებდა იარაღზე ხერხი რომ იყოსო და მტრების შუაზე გადახერხვა შეგეძლოსო. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მართლაც ასწორებს. უკვე 13 წელია ასწორებს.

Gears 5 იქ იწყება სადაც წინა ნაწილი დამთავრდა და ეს, ალბათ მთავარი კრიტიკის ქვაა რომელსაც დღეს ამ თამაშს ვესვრი. მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. პირველი სერიის ადეპტებისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ მეორე ყველასთვის დასანანია. Gears of War 2 თავის დროზე მსგავსი ორპირი ქარი იყო, მაგრამ ლოკალურად თავის სიუჟეტურ ხაზებს მაინც წყვიტავდა. თანაც, მოდით ვაღიაროთ და მეორე თამაში პრაქტიკულად შედევრია სხვა ასპექტებში, რომელამდეც, რაც არ უნდა ვაქო დღეს, Gears 5 მაინც საკმაო გზა აქვს გასავლელი.

მეოთხე ნაწილში წარმოდგენილმა ახალმა პერსონაჟებმა, ბებრუხანები უკვე სრულიად მიზანსცენის ჩრდილებში დატოვეს. კულისებში გაგზავნამდე ბევრი არ უკლიათ. თავად ლეგენდარულ მარკუს ფენქსსაც კი. მისი შვილი ამჯერადაც პროტაგონისტია, მაგრამ მხოლოდ პროლოგში. ისტორია მისი მეგობრის, ქეითის გარშემო ტრიალებს, რომლის გენეოლოგიური საიდუმლოებების ამოხსნას თამაშის დიდ ნაწილს მოვანდომებთ. უნდა დავეხმაროთ იმის გარკვევაში, თუ ბარიკადების რომელ მხარეს ეკუთვნის.

თამაშის მთავარი გმირები, მარცხნიდან – ქეითი, დელი და ჯეკი. სწორედ ისინი არიან ცენტრალური ნარატიული ელემენტების მატარებლები. კოოპშიც მოთამაშეები მათ როლს ირგებენ ძირითადად.

მთავარი პერსონაჟის თვითიდენტიფიკაციის პრობლემა თავად გეიმფლეიშიც არის გამოხატული. თუმცა, ალბათ პრობლემა ნაკლებადაა, უფრო აქტიური ძიება. გახსოვთ Gears გეიმფლეი? თავშესაფარი, გასროლა, თავშესაფარი, გასროლა, გადარბენა სხვა თავშესაფარში, გასროლა, ხერხით მტრის გადახერხვა, რამოდენიმე წამი სიარული, დრამატული კატსცენა, ვიდეორგოლში მტრები ჩნდებიან და ah shit, here we go again. 

Gears of War ძირითადი მექანიკები საკმარისად ხარისხიანი და გასართობი იყო, რომ თუნდაც ეს ერთი შეხედვით ჩაკეტილი გეიმფლეის წრე მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო. თავისი დონეების წყობით ეს ყოველთვის სწორხაზოვანი თამაში იყო. დიდი სივრცეებით, მაგრამ მაინც მკაცრად გარკვეული მიმართულებით. Gears 5 ამ სქემასთან თამაშობს.

თამაშის ცენტრალური, მეორე და მესამე აქტი დიდ, გაშლილ სივრცებში ვითარდება. ციგურებზე დამაგრებული აფრებიანი ტრანსპორტიც გაქვთ გადასაადგილებლად. სტრუქტურა სხვა semi-open world თამაშებს გავს. დიდი სივრცე ჰაბს წარმოადგენს, რომლიდანაც კლასიკურ სწორხაზოვან დავალებებზე გადიხართ. მიუხედავად შესრულების მაღალი ხარისხისა, სტრუქტურა თავისი ექსპერიმენტატულობით ყვირის. ჰაბში პრაქტიკულად არაფერი არ ხდება, სკრიპტული სცენების გარდა. ის მკაცრად ტოპოგრაფიულ ფუნქციას ასრულებს და არც ცდილობს რაიმე ცოცხალი გარემოს სიმულაციას. 

მიუხედავად ასეთი მკვდარი სივრცისა, ჰაბში გადაადგილება მაინც სასიამოვნოა. თვითონ აფრიანი ციგურები სასიამოვნთ იმართება და პერსონაჟებიც გამუდგებით სახალისო დიალოგებით ავსებენ ცარიელ მდელოებს. თვითნ სწორხაზოვანი სექციების მიმართ პრეტენზიები შეუძლებელია. ლეველდიზაინი, ტემპი, გეიმფლეი და ვარიაციულობა, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ამ ასპექტით ალბათ საუკეთესოა სერიაში. დავალებებში საინტერესო სიტუაციები არ მოგაკლდებათ, ხან ძველ ლაბორატორიაში ხელოვნური ინტელექტით სავსე მტვერსასრუტს დასდევთ, ხან მგორავი ლოდებისგან თავს იცავთ. არ მოიწყენთ.

პარაშუტიანი ციგურებით სრიალი გადაადგილების სასიამოვნო და სწრაფი საშუალებაა. ზოგჯერ თამაშის ლოგიკა ტყდება, რატომ არ შეიძლება მიფრენა ადგილამდე? ხსნიან ხოლმე რატომაც, მაგრამ გავა დრო და როდესაც სცენარის ავტორს აწყობს, მიფრენაც კარგად გამოდის.

გეიმფლეის მხრივ დიდი ცვლილებები არ არის. თავშესაფარი – გასროლა სქემა ისევ ძირითადია და აგერ უკვე მეხუთედაც (მეექვსედაც) მოსაბეზრებელი არ არის. აქტიური გადატენვა, სადაც ტაიმინგზე სწორად დაჭერილი ღილაკით მჭიდი უფრო სწრაფად იცვლება და პერიოდულად ტყვიებიც გიძლიერდებათ, საერთოდ ყველა თამაშს უნდა ჰქონდეს. ეს მექანიკა ალბათ არასდროს დაძველდება.

სტელსის ჩანასახებიც გვაქვს. ზოგჯერ თამაში შემოგთავაზებით – „აი, ძალიან, ძალიან თუ გინდა, რამოდენიმე მოწინააღმდეგე ჩუმად მოკალი. მაგრამ დიდად მაგაზე არ გვიფიქრია და არ გეწყინოს არაფერი თუ არ გამოვიდაო.“ მე არ მწყენია. სულ ვცდილობდი მაქსიმალურად გამეკეთებინა და სადამდეც მივდიოდი სტელსით, საკმარისი იყო.

გაცილებით უფრო სასიამოვნო დანამატია მოკავშირე დრონის გაზრდილი როლი გეიმფლეიში. პროგრესია მთლაიანდ ამ დრონზე არის მიმაგრებული. თავისითაც იბრძვის, მაგრამ შეგიძლიათ დამატებით ძალად გამოიყენოთ. მტრების გაყინვა ადგილზე; პროგრამული გადაწერა; თქვენთვის ფარის შექმნა ან დროიბით ჯავშანის გაზრდა; სტელსისთვის საერთოდ უჩინარსაც გაგხდით თუ საჭიროა. მის გასავითარებლად მეორეხარისხოვანი დავალებები უნდა აკეთოთ და სპეციალური მოდულები ეძებოთ სამყაროში.

მეორეხარისხოვანი დავალებები იმ ორ გახსნილ ჰაბშია ხელმისაწვდომი. არც-ისე ბევრია და დიდ დროს არ წაგართმევთ. მხოლოდ მოცემული კონტექსტით და ისტორიით განსხვავდებიან. ტექნიკურად ყველა ერთია – სივრცე სადაც მტრები უნდა მოიშოროთ, დიდი ალბათობით მინი-ბოსი იქნება, რომლის დამარცხების შემდეგ სეიფი უნდა გახსნათ და შიგნით დრონის ახალი შესაძლებლობის გასახსნელ მოდულს იპოვით. ბევრი რომ ყოფილიყო ეს სქემა ზედმეტად რეპეტატიული იქნებოდა, მაგრამ მცირე რაოდენობის გამო, მობეზრებას ვერ ასწრებს.

მტრების ნაირსახეობა არც ისე დიდად იზრდება. უმეტესობა მეოთხე ნაწილიდან გადმოვიდა, მაგრამ ახალი გეიმფლეი ელემენტები მათთან შერკინების განსხვავებულ გამოცდილებას იძლევა.

საერთოდ, მთელი თამაში ასეთია. მობეზრებას ვერ ასწრებს. დეველოპერს, The Coalition, ტემპის ძალიან კარგი გრძნობა აქვს. კარგად ხვდებიან როდისაა საკმარისი ცეცხლჩართული ბრძოლა, გრძელი გადაადგილების სექციით რომ ჩაანაცვლონ. კატსცენაში საკმარისი ინფორმაცია მიიღეთ? მაშინ გეიმფლეიზე გადავიდეთ, რომ არ მოიწყინოთ ჯიგრებო. ასეთი კარგად გაზომილი ტემპის გამო, თუნდაც თამაშის განმეორებადი ელემენტებიც მობეზრებას ვერ ასწრებს.

ერთფეროვნების გაქარწყლებას ხელს უწყობს პერსონაჟებიც. დიალოგები საკმაოდ ხარისხიანი და მსახიობებიც გულიანად კითხულობენ ტექსტს. იმდენად, რომ მოგეჩვენებათ არც კითხულობენო. ტექნიკური შესრულებაც მაღალ დონეზეა და პერსონაჟები მთელი თამაში გართობენ, თუნდაც ბოლოსკენ გეიმფლეისგან ცოტა დაღლილი იყოთ.

Gears of War თამაშებს, მიუხედავად თავისი უბერმასკულანური გადახრებისა, ყოველთვის ჰქონდა გული. ყველას გვისწორდებოდა ხერხით მტრების გადაჩეხვა (#IamCliffyB), მაგრამ პერსონაჟების ბედი მაინც ყოველთვის გვადარდება. დომის და მისი ცოლის ძიების ისტორია. მარკუსის და მისი მამის ისტორია. შემდეგ, მარკუსის და მისი შვილის ისტორია. ქეითი და დედამისის ბედი. ოჯახი ყოველთვის ნარატივის ცენტრში იყო, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ისტორია პრაქტიკულად ითხოვს რომ რაღაც მომენტში ვინ დიზელი გამოჩნდეს Gears აბჯარში. მეხუთე ნაწილი საერთოდ of War ნაწილს აგდებს სათაურიდან. ეს თამაში ომზე აღარ გვიყვება. არამედ ხალხზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცები არიან.

ამ ხალხის ისტორიის გვჯერა კიდევ იმიტომ, რომ ტექნიკურად თამაში ძალიან შთამბეჭდავია. მოცემული სერია ყოველთვის ტექნოლოგიური პროგრესის წინა რიგებში მირბოდა და The Coalition ამაყად აგრძელებს ამ ტრადიციას. ლეველდიზაინი, მხატვრების დახმარებით, რაღაც ფანტასტიკურია. უზარმაზარი სივრცეები სავსეა დეტალებით. კოსმოსური რაკეტების ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლოკაციია რაც ოდესმე მინახავს თამაშებში. უზარმაზარი, მაგრამ დეტალებით სავსე. მართალია, ამ ვიზუალურ დახვეწილობას ცოტა სამყაროს ფიზიკა შეეწირა, ამაში მეორე ნაწილიც კი ჯობია მომენტებში. მაგრამ, ძველი გამოთქმის თანახმად – სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

ტექნიკური მშვენიერების მიუხედავად, თამაში ძალიან კარგად არის ოპტიმიზირებული პერსონალურ კომპიუტერებზე. გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო და ინფორმატიული მენიუ გრაფიკული პარამეტრების დასაყენებლად. Xbox One X-ზე 60 fps რეჟიმიც არის ოფციონალური.

ცალკე მინდა ავღნიშნო HDR. ალბათ ერთ-ერთი პირველი თამაშია რომელიც სპეციალურად ფერების ფართო დიაპაზონისთვის კეთდებოდა. განსხვავება ნათელ და ბნელ სივრცეებს შორის ეკრანზე ზოგჯერ პრაქტიკულად ქმნის სცენებს. ერთ მაგალითს გეტყვით, რაღაც მომენტში ქეითი ნანგრევებში ჩაფლული იქნება და დააკვირდით მის სილუეტს რომელსაც აბჯარის ლურჯი განათება ქმნის. ასეთი მოხაზულობა სრულიად შავ ფონზე ზრდის კლაუსტროფობიის ეფექტს, პერსონაჟის განცდებს და შფოთვას უფრო რეალურად გადმოცემს. მერვე თაობის ბოლოს ვიღებთ თამაშებს რომლებიც ახლა იყენებენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებითაც კონსოლების ყიდვაში გვარწმუნებდნენ.

მუსიკა ცოტათი იმედგამაცრუებელია. ზოგადად კარგია, ვაკუუმში არაფერს ვუწუნებ, მაგრამ კომპოზიტორი რამინ ჯავადი იყო. Pacific Rim და Game of Thrones ფინალური სეზონზე მუშაობის შემდეგ, რაღაც უფრო განსაკუთრებულის მოლოდინი იყო.

Gears სერიისგან რისი მოლოდინიც ყოველთვის გვაქვს, ეს კოოპერატიული თამაშია და ამ ასპექტში ამჯერადაც იმედს არ გვიცრუებს. პირიქით. პირველად კოოპში უკვე არა ორი, არამედ სამი მოთამაშე არის შესაძლებელი. პირველი ორი ჩვეულებრივ პერსონაჟებს მართავენ (ქეითი და მისი მეგობარი დელი), უკენესკნელს დრონის როლი ერგება. თვიდან ცოტა მოსაწყენია, მაგრამ როდეასაც რობოტის მოდულები დაგროვდება, გაცილებით უფრო სახალისო ხდება. პერსონალურ კომპიუტერებზე გაყოფილი ეკრანის ფუნქციაც ადგილზეა.

კლასიკური მრავალმომხმარებლიანი რეჟიმიც ბრუნდება. თუ ადრე მოგწონდათ, აქ უფრო მოგეწონებათ. გაუმჯებესება პრაქტიკულად ყველა ასპექტს შეეხო. აქვე არის Horde Mode. სერიის მეოთხე ნაწილს ეს კამპანიაში ჰქონდა ჩქსოვილი. სპეციალური სექციები სადაც ზონის დაცვა გჭირდებოდათ. ამჯერად ეს რეჟიმი ცალკეა გამოტანილი.

საინტერესო დანამატია Escape. კოოპერატიული რეჟიმი სადაც კონკრეტული არიდან უნდა გაიქცეთ. რაიმე განსაკუთრებული არ ეთქმის, მაგრამ ასევე ძველი გამოთქმაა – არ არსებობს ისეთი რაღაცა, როგორიც ზედმეტი კოოპი.

Gears 5 ძალიან კარგი თამაშია. შედევრამდე უკლია, მაგრამ სწორი მიმართულებით მოძრაობს. მთლიანად რომ განვიხილოთ შემოთავაზებული პაკეტი, ჩამთრევი და საინტერესო სინგლით, მრავალმომხმარებლიანი რეჟიმით და მასიური კოოპერატიული კონტენტით – ძალიან ღირებულ შენაძენს ვიღებთ. თამაშის ყველა კუთხე-კუნჭულში ჩანს რომ Microsoft-ს კაპიკი არ დაუნანია. თუ ასე აპირებს მიხედოს თავისი თამაშების განყოფილებას, მართლაც რომ კარგ ხელში ვართ. იმედია, ასე კარგად შესრულებული საშინაო დავალება ერთჯერადი მოვლენა არაა და ისინი გემოში შევლენ. ახალ თაობას ბევრი დრო არ დარჩა და ამ ყველაფერს, სულ მალე გავიგებთ. 

გამოსვლის თარიღი: 2019-09-06
პლატფორმები: ,

8.1

კარგი

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე