×

Joker – განხილვა

განხილვა

Joker – განხილვა

ნაგვით სავსე ქალაქი. ცოდვილი ხალხი გრაფიტით დაჯღაპნილ ქუჩებში. არავის აინტერესებს სისხლში გამოთხვრილი ტროტუარზე თუ ეგდები. ხალხის მასა ისე მოგექცევა, როგორც მდინარის ნაკადი მის ზედაპირზე ამოსულ ქვას, უბრალოდ გვერდით აგივლის და ცხოვრებას თქვენს შეუმჩნევლად გააგრძელებს. წყლის ხსენებაზე რაღაც სუფთა და სასიამოვნოს ნუ წარმოიდგენთ. ეს მდინარე გამსკდარი კანალიზაციის ლუქებიდან არის შექმნილი, რომლის მილებიც მდიდართა და ძალაუფლების მქონე ხალხის სასახლეებიდან მოდის. ქალაქი დუღს ამ მორევში და მხსნელს ელოდება, რომელიც უგულებელყოფს სოციალურ ნორმებს და სწორედ ამ განავლის მორევში დაბადებული, დაბნეულ და განრისხებულ ხალხს თავისუფლებისკენ გზას უჩვენებს. 

გგონიათ, რომ რახან სტატიის სათაურში Joker არის, სწორედ მისი სინოფსისი ავღწერე? გამოგიჭირეთ. სინამდვილეში მარტინ სკორსეზეს 1971 წლის Taxi Driver ფაბულა მოგიყევით. და ამაში, დღევანდელი გმირის მთავარი პრობლემაა. მოცემული ფაბულა Joker-ის ფუნდამენტი კი არა, მთავარი ღერძია.

Joker საინტერესო ფილმია. სამწუხაროდ როგორც მოვლენა ის უფრო დიდ რაღაცას წარმოადგენს, ვიდრე როგორც ხელოვნების ნიმუში. თქვენი შეხედულება მოცემულ ფილმზე სრულიად დამოკიდებული იქნება წინარე პერსონალურ გამოცდილებაზე. გაქვთ Taxi Driver და King of Comedy ნანახი? მაშინ ხუაკინ ფენიქსის გარდა, ამ ფილმის მხოლოდ ბოლო 20 წუთი თუ გაგართობთ. აღნიშნულ ორ ანტიკურ ფილმს არ იცნობთ? მაშინ ნამდვილი აღსარება გელოდებათ და სავარაუდოდ გამოცდილება უაღრესად შთამბეჭდავი იქნება.

პირველად ეკრანიზაციებში გოთემი გამოიყურება, როგორც უნდა გამოიყურებოდეს. ნაგვით სავსე, ბინძური ცელოფნის ხროვებით სავსე ადგილი, სადაც არავის მოუნდება ცხოვრება.

ფილმი სულ რაღაც 2 საათი გადის, რაც თნამედროვე ბლოქბასტერის სტანდარტებით ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს იგრძნობა როგორც 3 საათი და მეტი. თანაც არა კარგი გაგებით. ფილმის რეჟისორი, ტოდ ფილიპსი, სცენარისტებთან ერთად თითქოსდა აუცილებელ სიას ასრულებენ. მენტალურად არასტაბილური პიროვნების მძიმე მდგომარეობის ჩვენებას თავისი სია აქვს და ტოდ ფილიპსი ამ სიას ძალიან ნელა მიუყვება. ფიზიკური ძალადობა – არის. დედასთან თანაცხოვრება – არის. მკურნალი ექიმი არ უსმენს – არის. ხალხი თითქოს ეხმარება მაგრამ სინამდვილეში ორპირები არიან – არის. ამ სიის შევსებას ფილმის დიდი ნაწილი მიაქვს და რაღაც მომენტში უკვე მოსაბეზრებელი და ადვილად გამოსაცნობი ხდება.

გახსოვთ სკოლაში შინაარსის დაწერას რომ გვავალებდნენ? აი ტოდ ფილიპსმა ფილმი გადაიღო რომელიც Taxi Driver-ის შინაარსია. და გახსოვთ, ასეთ დავალებას როგორ ვასრულებდით? ორიგონალური ნაწარმოებიდან ძრითად მოვლენებს ვიღებდით და მათ მშრალ ფაქტებად წაემოვადგენდით მძლავრი და საფუძვლიანი ძაფის გარეშე ამ მოვლენებს შორის. ამიტომ ჯოკერი ცდილობს მნიშვნელოვან თემებზე ილაპრაკოს, მაგრამ ამავდროულად არაფერს არ ამბობს. წინადადებას რომ დავიწყებთ ხოლმე, მაგრამ შუა გზაში აზრი გვეკარგება და არ ვიცით …

ფილმის უამრავი მოსაბეზრებელი ეპიზოდის დამალვას ცდილობს ხუაკინ ფენიქსი თავისი სამსახიობო ოსტატობით. და ეს, ასაღიარებელია, გამოსდის. You did it, you crazy son of a bitch. თუმცა, ხუაკინისგან ნაკლებს ალბათ არავინ ელოდა ვის მის ფილმოგრაფიას მცირედითაც მაინც იცნობს.

ხუაკინის ჯოკერი ემპათიურია. მის განცდებს თანაუგრძნობ და ბოლო მომენტამდე ცდილობ გაამართლო. მაგრამ მსახიობი სცენარს ღეჭავს და თავიდანვე გვაჩვენებს იმ მოახლოვებული რისხვის და ბოროტების ამოფრქვევას რომელიც მალე მოხდება. მისი გარდასახვა როგორც ასეთი არ ხდება, არამედ სააშკარაოზე გამოდის ის რაც ყოველთვის იყო მასში. მსახიობი ოსტატურად უსვამს ხაზს ამ ელემენტს თავისი მიმიკით და ჟესტიკულაციით. მისი თვალები ყოველთვის პერსონაჟის სულის სარკეა. უმეტესად ისინი ტკივილით არის სავსე, განსაკუთრებით როდესაც ნების გარეშე უხერხულ სიტუაციებში ეცინება, მაგრამ მალევე ეს ტკივილის ნამი, განრისზებულ ნაპერწკლებად იქცევა.

განრისხებულია ასევე ტოდ ფილიპსიც. მას ნამდვილი ფილმის გადაღება უნდოდა, მაგრამ დაფინანსების მისაღებად ბეტმენის სამყაროში მოთვსება მოუწია. და ეს, სტატიის ავტორის შთაბეჭდილება არ არის, რეჟისორი ინტერვიუში აღიარებს რომ ხუაკინ ფენიქსი სწორედ ასეთი ფრაზით დაარწმუნა ფილმში მონაწილეობის მისაღებად.

გაგიკვირდებათ და რობერტ დე ნირო ფილმში მართლაც ცდილობს თამაშს. ამდენი წლის ზარმაცული როლების შემდეგ, სასიამოვნოა ლეგენდალური მსახიობის დაბრუნება. ფილმში არც ისე ხშირადაა, მაგრამ მისი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია ისტორიისთვის.

გახსოვთ, კომპიუტერის ყიდვა როცა გვინდოდა,თანაც მაქსიმალურად ძლიერი მონაცემებს და მშობლებს ვატყუებდით სკაიპისთვის და დავალების გასაკეთებლად ასეთი ძლიერია საჭიროო? რაღაც მსგავსი გააკეთა ტოდ ფილიპსმა Warner Brothers-თან. მაგრამ მაშინ, ჩნდება კითხვა, სად არის ეს ნამდვილი ფილმი? ეტყობა ძალიან ღრმად დამალეს.

ინტერნეტში გვესმის რომ ეს ფილმი არ არის უბრალოდ კომიქსების მიხედვით ფილმი, არამედ ნამდვილი სოციალური დრამაა. უცნაური განცხადებაა როდესაც სიუჟეტი მთავარი მექანიზმები სწორედ კომიქსური ლოგიკის ძრავაზე მუშაობენ. ის მითიური „ნამდვილი ფილმი“ რომლის გადაღებაც ტოდ ფილიპს უნდოდა, ცალკე აღებული კრიტიკას გაცილებით უფრო სუსტად უძლებს. ჯოკერის ტანსაცმელი ეხმარება პროექტს რომ შემჩნეული იყოს და ასე ვლაპრაკობდეთ მასზე. DC სამყაროს გარეშე, სავარაუდოდ მალევე დავიწყებული იქნებოდა.

ტექნიკურად ფილმი კომპეტენტურია. რაიმე განსაკუთრებულ კადრებს ან ვიზუალურ აღმოჩენებს ვერ ვიპოვით, მაგრამ უნდა აღიარდეს რომ Hangover ფილმების შემქნელისგან ცოტა ნაკლებს ველოდით. განსაკუთრებით კარგად გამოვიდა ფერების პალიტრა, რომელიც ბანალურად დეპრესიული და უფერული არაა, მაგრამ გადმოსცემს ქალაქის გულისამრევ ატმოსფეროს თავისი მჟავე ფერებით. მუსიკას ხელი არ დაედება. HBO Chernobyl-ის კომპოზიტორმა, ჰილდა გუდნადოტირი, დაამტკიცა უკვე რომ ამბიენტის ოსტატია. აქაც იგივეს აგრძელებს. 

Joker საჭირო ფილმია. კომპანიებმა უნდა დაინახონ რომ აუდიტორია მზად არის ზრდასრული და რთული თემებისთვის პოპულარულ კულტურაში. R რეიტინგი არ უნდა იყოს განპირობებული სისხლით და ძალადობით, არამედ თემებით რაზეც ფილმი ირჩევს რომ ილაპარაკოს. ისღა დაგვრჩევნია, ვიპოვოთ ხალხი რომლებიც ამ თემებს სრულფასოვნად მოყვება. 

7.4

კარგი

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე