განხილვები

Mass Effect: Andromeda განხილვა

ME: Andromeda-ს თამაში დავიწყე პირდაპირ Mass Effect 3-ის მესამეჯერ დახურვის შემდეგ, ამიტომ მოლოდინები ძალიან მაღალი იყო. სამწუხაროდ დიდად არ გამართლდა ეს იმედები. იმ თამაშს, რომელსაც უკან მულტი-მილიარდიანი კომპანია და საოცარი ტრილოგია უდგას და რომელზეც მუშაობა დაახლოებით 4 წელი მიდიოდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოეთხოვება ყველა ასპექტში. Mass Effect-ის ტრილოგიამ ძალიან დიდი კვალი დატოვა გეიმინგ ინდუსტრიაში, საკუთარი სამყაროთი, გალაქტიკური გარემოთი, ძალიან კარგი შინაარსითა და რაც მთავარია მთავარი გმირითა და მისი კოლეგებით, და შესაბამისად, ძალიან გაზარდა მოლოდინის ზღვარი შემდეგი ინსტალაციისთვის. Bioware-მა ვერ შეძლო ამ ბარიერის გადალახვა. ანდრომედას ბევრ ასპექტში შეიმჩნევა განვითარება, წინსვლა და თანამედროვეობა, მაგრამ თამაშის უფრო მეტ ნაწილში საერთოდ არ აღინიშნება პროგრესი და ამასთან ერთად, მთლიანი სიუჟეტიც საკმაოდ სუსტია.

2185 წელს ირმის ნახტომის გალაქტიკით (ჩვენი) დაღლილი მაცხოვრებლები გაემზადნენ ანდრომედას გალაქტიკისაკენ 600 წლიანი მგზავრობისთვის, რათა აღმოეჩინათ ახალი პლანეტები, რასები, კულტურა და დაეწყოთ ახალი თავგადასავალი უცხო ბუნებაში. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად და იდეალურად არ არის როგორც წარმოედგინათ ანდრომედას ინიციატივის დამაარსებლებს. ახალი გალაქტიკა სავსეა გამოუსადეგარი, დაუსახლებელი პლანეტებით, სადაც მისტერიული ძალები ბუდობენ და უცხოპლანეტელები არც ისე კეთილები არიან. მთავარი პერსონაჟის, რაიდერის, მისიაა, რომ გაუკვალოს გზა გალაქტიკის ახალ მოსახლეობას, „გამოაჯანმრთელოს“ პლანეტები და შესაძლებელი გახადოს მათზე დასახლება, ამავე დროს კი, შეებრძოლოს მტრებს და გამოიკვლიოს თუ რა ძალები განაპირობებენ ანდრომედას გალაქტიკის პლანეტების სიცოცხლესა და არსებობას.

Mass Effect Andromeda პირველივე წუთებიდან გაუცხოებულს ხდის მოთამაშეს როგორც მთავარ პერსონაჟთან, ასევე მთლიანად გარემოსთან. დასაწყისშივე გამიჩნდა წარმოდგენა, რომ შუა თამაშში ჩავერთე და ამ გრძნობას რამდენიმე საათი დაჭირდა გაქარწყლებისათვის. პირველი ტრილოგიის მთავარ ხიბლს წარმოადგენდა კომანდირი შეფარდი, რომელიც იყო N7-ის წევრი და რამდენიმე კაციანი ჯგუფით მინიმუმ ორჯერ გადაარჩინა დედამიწა და ქონდა სახელი მოხვეჭილი, როგორც გმირი. ანდრომედას მთავარი პერსონაჟი, რაიდერი, შეიძლება თვისებებით წააგავს შეფარდს, მაგრამ ის აბსოლუტურად დაუმსახურებლად ხდება ახალ გალაქტიკაში გზის მკვლევარი (Pathfinder), როდესაც მამამისი, საკუთარ სიკვდილამდე, გადასცემს გზის მკვლევარის მანტიას და გადაუნერგავს სპეციალურ ხელოვნურ ინტელექტს ტვინში. ასეთ დაუმსახურებელ და ნეპოტიზმით განსაზღვრულ შედეგს კი არავინ რეალურად არ აპროტესტებს, მხოლოდ იმიტომ რომ რადგან მამა რაიდერმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ესე იგი საჭირო იყო ასე. ამასთან ერთად კი, პირველი რამდენიმე საათი საკუთარი შრომით გიწევს გამოკვლევა თუ რა ხდება რეალურად, რაც პრობლემას დიდად არ წარმოადგენს თუ ხარ მოყვარული გახსნილი სამყაროსი და სხვადასხვა ხალხთან საუბრების, მაგრამ ME: Andromeda თითქმის საერთოდ არ ცდილობს, რომ ახსნას ძალიან მნიშნველოვან ფაქტები, რაც მოთამაშეს დაეხმარებოდა ზოგადი შინაარსის ნათლად გარკვევაში.

ახალი გალაქტიკა სავსეა დაუსრულებელი და წარმოუდგენლად გაწელილი, უაზრო მისიებით. ზუსტად 70 საათიანი გეიმფლეის შემდეგ, მაინც ვერ მოვახერხე ისეთი მისიების დასრულება, რომელიც მოითხოვს პლანეტებზე უაზრო ხეტიალს და თუ ბედი გაგიმართლებს პატარა ყვავილის პოვნას, რომ დაასკანერო მეცნიერისთვის, რომელიც არასდროს არაფერში არ დაგეხამრება. სამწუხაროდ, მისიების ძალიან დიდი ნაწილი სავსეა ასეთი დავალებებით და თავისუფლად შეიძლება, რომ დაიკარგო მათ შესრულებაში ისე, რომ საერთოდ დაგავიწყდეს მთავარი სიუჟეტი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგხვდებათ კარგი მისიები, მაგალითად ლოიალურობისა და ჰელიუსის მისიები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დატვირთული, ჩამთრევი და დიდია. შესაბამისად, თუ შეეშვებით წარმოუდგენელ Task-ებს და გაყვებით მთავარ ან მეორე ხარისხოვან დავალებებს, მაშინ შეიძლება კიდეც, რომ გაერთოთ. მაგრამ, თუ ხართ ჩემნაირი მანიაკი და გსურთ აბსოლუტურად ყველფარი შესრულება, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით.

თამაშის ისტორია მთლიანობაში არის საკმაოდ უინტერესო. პირველი ტრილოგიის ერთ-ერთი ხიბლი იყო ჩახლართული ისტორია, ბევრი გადამწყვეტი არჩევანითა და კომპლექსური ბრძოლები ძალაუფლებისთვის, სადაც ხშირ შეთხვევაში შეფარდის სიტყვა იყო საბოლოო, თუნდაც საკუთარი გუნდის წევრებს შორის. ამიტომ, ახალ Mass Effect-ში „ბაიოვეარს“ გარკვეულ დონეზე მოეთხოვებოდა კიდეც უკეთესი შინაარსისა და ურთერთობების შექმნა, ყოველშემთხვევაში ფანები ამას ელოდებოდნენ. საბოლოოდ კი, ხელში შეგვრჩა ძალიან სწორხაზოვანი და არანაირად დატვირთული ისტორიაა, სადაც მთავარი გმირის არჩევნებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს გადამწყვეტი მნიშნველობა და ბოლო მისია უმეტესწილად უცვლელი რჩება (მაქსიმუმ შეძლოთ ერთი-ორი მტრის გამოკლება, ან ერთი-ორი თანამებრძოლის დამატება, რასაც დიდი მნიშნველობა არ ენიჭება ბედის გადაწყვეტაში). ნექსუსში საკმაოდ დიდი ბრძოლა მიმინარეობს მმართველობისთვის, რადგან თავდაპირველი დირექტორი და მასთან ერთად ბევრი სხვა ადამიანიც გალაქტიკაში შემოსვლის დროს დაიღუპა. ამიტომ სრულუფლებიანი დირექტორი არ არსებობს და ბევრი არ ეთნხმება თითქმის საკუთარი ნებით დანიშნულ, ახალ დირექტორს. მაგრამ ანდრომედა საერთოდ არ ცდილობს, რომ ააგოს ცალკე საინტერესო სიუჟეტი ამასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, კარგად არიან დატივრთულნი რაიდერის გუნდის წევრები, თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ღრმა ისტორია, რომელთა გამოკვლევას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ამასთან ერთად საინტერესოც ძალიან საინტერესოც არის. ცუდი ისაა, რომ გუნდის ყველა წევრი იდეალურად ეწყობა ერთმანეთს.

მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიკვეთოს ანდრომედაში, არის უცხოპლანეტელთა ნაკლებობა. მხოლოდ ორი რა არის დამატებული, ერთი ბოროტი და მეორე კეთილი, დანარჩენი რასები კი გადმოყოლილია ძველი თამაშებიდან. ეს არის ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობა დეველოპერების მხრიდან, რადგან შესაძლებლობები იყო უსასრულო და სხვადასხვა ტიპის უცხოპლანეტელები ძალიან დიდი მრავალფეროვნებას შემატება მთლიანობაში ანდრომედას გალაქტიკას.

შეიძლება ME: Andromeda მოიკოჭლებს ისტორიისა და ნარატივის ნაწილში, მაგრამ ახლა გადავდივართ რეალურად ძლიერ ნაწილზე – გეიმფლეი ელემენტებზე. არ ვისაუბრებ არსებულ ტექნიკურ პრობლემებზე (რადგან დიდი ნაწილი უკვე გაასწორეს და რაც დარჩა ისიც გამოწორებადია), ამიტომ გადავალ დადებით მხარეზე. ანდრომედას მთლიანი გალაქტიკა არის მასიური და ისეთი ტერიტორიები, სადაც გადაადგილება შეიძლება, არის ძალიან დიდი. სიდიდესთან ერთად, ხუთივე პლანეტაზე არის განსხვავებული გარემო და ამინდი: თოვლი, უდაბნო, ჯუნგლები და ა.შ. პლანეტები დეტალურად არის დამუშავებული და დატვირთულია მისიებითა და მტრებით. თუ გსურთ კარგი აბჯარი და იარაღები, მაშინ ყველაფერი უნდა დაათვალიეროთ და ყველა მტერი უნდა მოკლათ, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

საერთო ჯამში კომბატ გეიმფლეი არის ძალიან გასართობი. რაიდერი არ არის შეზღუდული ერთი რამდენიმე შესაძლებლობით. მოთამაშეს შეუძლია, რომ გააძლიეროს სამი მთავარი ძალის: კომბატი, ბიოტიკური ენერგია, ტექნოლოგია, შესაძლებლობები, რომლებიც საბოლოოდ ძალიან ბევრია. ამასთან ერთად ისინი დაკავშირებულია ერთმანერთთან და სხვადასხვა ძალების შესაძლებლობებით შეიძლება ძლიერი კომბოების გაკეთება. მათ შორის გადართვა კი მენიუდან ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. შუა ბრძოლაშიც, თუ თვლით, რომ არ ამართლებს კომბოები, წამებში შეიძლება შესაძლებლობების შეცვლა. Mass Effect-ის წინა ნაწილებში, შესაძლებელი იყო საკუთარი თანამებრძოლების ძალების გაკონტროლებაც, რაც ჩამოშორებულია ანდრომედაში, მაგრამ ბრძოლის სცენები ძალიან გასართობი და მრავალფეროვანია. ვეღარ იფიქრებ დანარჩენ ორი ადამიანის ძალების გაკონტროლებაზე, როდესაც რაიდერის შესაძლებლობები ძალიან ბევრია და კომბოების მოფიქრებით ძალიან საინტერესო და გასართობი ხდება ბრძოლა, რაც ნამდვილად აკლდა პირველ ტრილოგიას.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *